Warhammer 40,000: Rogue Trader – Void Shadows gamescom 2024-ზე

წყარო: Owlcat Games

Owlcat Games არის კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია CRPG ჟანრში და ამ სფეროში უკვე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. წარმატებული, მაგრამ დაუმთავრებელი Pathfinder: Kingmaker-ის შემდეგ, კომპანიამ გამოუშვა საოცარი Pathfinder: Wrath of the Righteous-ი და Warhammer 40,000: Rogue Trader-ი.

კომპანია რელიზის შემდეგ თამაშების მხარდაჭერითაა ცნობილი, და ამას ორი გზით აკათებს. პირველი არის მუდმივი პატჩები, რომლებშიც “ბაგების” გასწორებები და ბალანსის ცვლილებები შედის, ხოლო მეორე არის DLC-ები.

Owlcat-ის DLC-ები სხვადასხვა ფორმატისაა – პატარა კომპანიონებით დაწყებული და სრულიად ახალი თავგადასავლებით დამთავრებული. ზოგიერთი DLC დამოუკიდებელია, ზოგი კი არსებულ ისტორიაში ინტეგრირდება. Warhammer 40,000: Rogue Trader – Void Shadows, თამაშის მომავალი დამატება, რომელიც Owlcat-მა gamescom-ზე გვაჩვენა, ნამდვილად მეორე კატეგორიაში შედის.

Gamescom-ზე Owlcat-ის სტენდზე დეველოპერების გუნდის წევრები დაგვხვდნენ. მათ გვიამბეს Void Shadows DLC-ის ძირითადი იდეების შესახებ და ასევე გვაჩვენეს სათამაშო ბეტა ბილდი. მთავარი ყურადღება გამახვილებულია Genestealer-ების კულტზე, რომელიც ჩვენს ხომალდზე ყვავის, და კიბელაზე – Death Cult-ის “ასასინზე”, რომელიც არის ახალი თანამგზავრი სრულიად ახალი არქეტიპით. მისი პირველი არქეტიპი Blade Dancer-ია, ხოლო მეორეს კი მოთამაშეები თავად აირჩევენ.

გასატესტად ხელმისაწვდომი იყო DLC-ს ერთ-ერთი უკანასკნელი ბოსი. რადგან ეს ჩემი საკუთარი კონფიგურაცია არ იყო, ცოტა ვნერვიულობდი, შევძლებდი თუ არა მის დამარცხებას ჩემთვის უცნობი პერსონაჟების “ბილდებით” და იარაღებით. და მართლაც, ბრძოლა საკმაოდ ტრაგიკულად დაიწყო – არჯენტა და ჰაინრიქსი სწრაფად დავკარგე, პასკალიც სიკვდილის ზღვარზე იყო, და მხოლოდ მთავარი გმირი და აბელარი იბრძოდნენ ბოლომდე. კიბელასთვის კი ეს სამოთხე იყო.

არ მინდა ვთქვა, რომ კიბელა არადაბალანსებულად ძლიერი პერსონაჟია – მისი სტილი მაღალ რისკს და მაღალ ჯილდოს ითვალისწინებს. ისაა მაღალი DPS-ის და თავის არიდების უნარის მქონე “ასასინი”, რომელსაც შეუძლია Dodge-Tank-ის როლში ყოფნა საჭიროების შემთხვევაში, მისი მობილურობა კი შეუდარებელია ამ თამაშში. მაგრამ ფაქტი იმაშია რომ მტელი ტესტის განმავლობაში მას ვერც ერთი მტერი ვერ შეეხო – ნაწილობრივ აბელარის დამსახურებით, რომელმაც თავი შესწირა მის გადასარჩენად, მაგრამ ასევე თავის არიდების მაღალი შანსის წყალობით.

მისი უნარები საოცრად სასიამოვნო გამოსაყენებელია, და თუ მოგწონდათ არჯენტასთვის “ბაფების” და დამატებითი სვლების მიცემა, გაოცდებით თუ რა შეუძლია კიბელას. ოფიცერის “ბაფებით” პერსონაჟის გაძლიერება ართულებს მათი რეალური ძალის შეფასებას, ამიტომ ეს არ გამიკეთებია – კიბელას უამრავი შესაძლებლობა აქვს რომ თავადაც გაზარდოს საკუთარი სვლების რაოდენობა.

ბროძოლის ბოლოს, საკმაოდ სიმბოლურად, მხოლოდ მხოლოდ მთავარი გმირი და კიბელა დარჩნენ ცოცხლები. ადგილზე მყოფმა დეველოპერებმა აღნიშნეს, რომ არ ელოდნენ, რომ ამ ბრძოლას ასეთ მოკლე დროში დავასრულებდი (დროის ნაკლებობა არც ჩემი და არც მათი ბრალი იყო), მაგრამ მათი მინიშნებებით და კიბელას ძალისხმევით, ჩვენ გავიმარჯვეთ.

არ მინდა რაიმე სიურპრიზი გავამხილო, რომელიც დეველოპერებს აქვთ თქვენთვის დაგეგმილი, მაგრამ გარანტიას გაძლევთ, რომ კიბელა აუცილებლად უნდა იყოს თქვენს გუნდში. მისი დასაქირავებლად, თქვენ უნდა დაიწყოთ DLC-ის “ქვესტი” მეორე ან მეოთხე აქტში. დეველოპერები გვპირდებიან დაახლოებით 15 საათის კონტენტს.

როდესაც დეველოპერებს ვკითხე ამ DLC-სადმი მათი მიდგომის შესახებ, მათ მიპასუხეს, რომ ნამდვილად არ აქვთ განსაზღვრული მიდგომა DLC-ებთან მიმართებაში. მათ ყოველთვის აქვთ ბევრი იდეა, და ისინი ირჩევენ ისეთებს, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამება დეველოპერებს აზრებს და თამაშის სიუჟეტს.

Warhammer 40,000: Rogue Trader – Void Shadows დამატება გამოდის 2024 წლის 24 სექტემბერს, და ჩვენ ნამდვილად გირჩევთ მის შეძენას!

LATEST NEWS