Eriksholm: The Stolen Dream-ი ცვლის სტელს-ტაქტიკის ჟანრს – gamescom 2024

წყარო: Nordcurrent Labs

Gamescom 2024-ის დაწყებამდე, ბევრი თამაში დაანონსდა ჯეფ კილის მიერ ორგანიზებულ Summer Game Fest-ზე. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თამაში იყო Eriksholm: The Stolen Dream-ი. ამის მიზეზი ძალიან მარტივია – მისმა ვიზუალურმა მხარემ უბრალოდ გამაოცა. თავიდან ვიფიქრე, რომ ეს იყო კიდევ ერთი “AAA” თამაში რომელიმე დიდი გამომცემლისგან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს არის სტელს ექშენი გეტებორგში მდებარე პატარა შვედური სტუდიისგან სახელწოდებით River End Games. და ისინი ფაქტობრივად ყირაზე აყენებენ ჟანრს.

აქამდე სტელს-ტაქტიკის ჟანრში მთავარი მოთამაშე იყო გერმანული სტუდია Mimimi Games-ი. მან შექმნა რამდენიმე ძალიან პოპულარული თამაში, მაგრამ კომპანიას დახურვა მოუწია, რადგან დეველოპმენტის ხარჯები გაიზარდა, შემოსავალი კი საკმარისი არ იყო. შეიძლება გეგონოთ, რომ ჟანრისთვის ეს სავალალო მდგომარეობაა, მაგრამ Artificer-ის მიერ გამოშვებულმა Sumerian Six-მა აჩვენა, რომ ჯანრში დღემდე არსებობს ჯანსაღი ინტერესი. თუმცა River End Games-ი და Nordcurrent Labs-ი ამ ჟანრში უბრალოდ კიდევ ერთ რიგით თამაშს არ უშვებენ – ისინი მას მთლიანად ცვლიან.

წყარო: Nordcurrent Labs

სტელს-ტაქტიკური თამაშები არც ისე მრავლადაა წარმოდგენილი ბაზარზე და არც დიდი პოპულარობით სარგებლობენ რათა სათამაშო დისკურსის წინა პლანზე იყვნენ, მაგრამ მათ შორის ზოგიერთი უკვე საკულტო კლასიკადაა ქცეული. თუმცა ხალხის უმრავლესობა მათ ძირითადად გეიმპლეისა და მექანიკების გულისთვის თამაშობს. სტელს-ტაქტიკური თამაშები შეგვიძლია აღვწეროთ როგორც თავსატეხები რეალურ დროში, რომლებიც ასტიმულირებენ ჩვენი ტვინის სტრატეგიულ ნეირონებს. Eriksholm-ი ინარჩუნებს ამ ყოველივეს, მაგრამ ასევე აკეთებს იმავეს, რაც Hades-მა გააკეთა “როგლაიქ” ჟანრისთვის – მატებს დამაინტრიგებელ ნარატივს.

River End Games-ის კრეატიულმა დირექტორმა, ანდერს ჰეიდენბერგმა ამიხსნა, რომ Eriksholm-ი, უპირველეს ყოვლისა, არის ნარატიული თავგადასავალი, და ეს გავლენას ახდენს თამაშის ყველა ელემენტზე. დეველოპერების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, რომ მტრებს არ გაეჩინათ უტვინო დაბრკოლების შეგრძნება – ყოველი მათგანი სრულყოფილი პერსონაჟია. Gamescom-ის დემოს დროს თამაშის ყველა დონეზე მტრები ურთიერთობდნენ ერთმანეთთან, ავლენდნენ მხოლოდ მათთვის დამახასიათებელ პიროვნულ თვისებებს და საკმაოდ არაპროგნოზირებულად იქცეოდნენ, რაც ძალზედ განსხვავდება ჩვეული “დასკრიპტული” მოწინააღმდეგებისგან.

თამაშმა ზოგადად აწყობილი და მთლიანი ნარატივის შთაბეჭდილება დატოვა, და ამაში მას მთავარი პერსონაჟების ურთიერთობაც დაეხმარა. მიუხედავად იმისა, რომ ჰანა უდავოდაა Eriksholm: The Stolen Dream-ის მთავარი გმირი და მისი ისტორია ყველაზე მნიშვნელოვანია, თამაშში არიან სხვა სიუჟეტისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი პერსონაჟებიც. მათი დამაჯერებლობა როგორც “კატსცენებში”, ასევე გეიმპლეიში, დეველოპერების კიდევ ერთი მთავარი მიზანი იყო.

წყარო: Nordcurrent Labs

თუმცა, ჩემთვის მთავარი კითხვა მაინც იმაში იყო, თუ რატომ გამოიყურებოდა თამაში ასე კარგად. Eriksholm-ი ვითარდება ამავე სახელწოდების ნორდულ ქალაქში, რომელიც, ანდერს ჰეიდენბერგის თქმით, არ არის შთაგონებული რომელიმე კონკრეტული სკანდინავიური ქალაქით, არამედ მრავალი მათგანის ელემენტს შეიცავს. საინტერესოა, რომ ბევრ ადამიანს ის ერევა ლონდონში ან ვიქტორიანული ეპოქის რომელიმე სხვა ბრიტანულ ქალაქში. მე სპეციალურად ვთხოვე დეველოპერებს, რომ ნელა ენახებინათ სხვადასხვა რაკურსები, რათა უფრო დეტალურად შემესწავლა ყველაფერი. გაოცებული დავრი – ყველაფერი საოცრად გამოიყურებოდა, მათ შორის ის ნაწილებიც კი, რომლებიც შესაძლოა საერთოდ ვერ ნახოთ თუ კამერა სპეციალურად არ მიაახლოვეთ.

მაგრამ ყველაზე დიდი კითხვა რაც მე გამაჩნდა ეხებოდა “კატსცენების” ვიზუალურ მხარეს — სახის მიმიკა, ტექსტურები, კინემატოგრაფია — ამ ყველაფერში Eriksholm-ი ბოლო წლების უამრავ “AAA” თამაშს ჯობნის! ბუნებრივია, ვიკითხე, თუ როგორ მოახერხეს ამის მიღწევა და საიდან მოიპოვეს დაფინანსება – ეს ყველაფერი ნამდვილად არ ჯდება იაფი. ანდერსმა უბრალოდ გაიცინა და მიპასუხა, რომ Eriksholm: The Stolen Dream-ზე მომუშავე გუნდი სავსეა ინდუსტრიის ვეტერანებით, რომლებსაც სხვადასხვა დიდ თამაშებზე აქვთ ნამუშევარი, ხოლო ის, ვინც შედარებით ახალია, ძალიან ნიჭიერია. ასე რომ, როდესაც პროექტზე ესეთი გუნდი მუშაობს, ყველაფერი არც ისე ძნელი ან ძვირია. ყოველ შემთხვევაში, მათ რაღაც გასაოცრი შექმნეს!

წყარო: Nordcurrent Labs

Eriksholm: The Stolen Dream-ს ჯერ არ აქვს გამოსვლის ზუსტი თარიღი – ის გამოვა 2025 წელს PC-ზე (Steam-ის და Epic Games Store-ის მეშვეობით), PlayStation 5-ზე და Xbox Series X|S-ზე. ჩვენ მას მოუთმენლად ველით!

LATEST NEWS