S.T.A.L.K.E.R. 2: Heart of Chornobyl-ი შესანიშნავია – gamescom 2024

წყარო: GSC Game World

S.T.A.L.K.E.R.: Shadow of Chernobyl – S.T.A.L.K.E.R. 2: Heart of Chornobyl-ის “პრიქველი” – არის 2007 წელს გამოსული თამაში, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში ფენომენად იქცა. მისი ესთეტიკა ყველასთვის ახლო იყო, რაც ეხმარებოდა თამაშში წამოწეული ზებუნებრივი თემების ადვილად მიღებას. მის შემდეგ გამოსული S.T.A.L.K.E.R.: Clear Sky-მ და S.T.A.L.K.E.R.: Call of Pripyat-მა გააფართოვეს თამაშის სამყარო და ისტორია, ხოლო სერიაზე შეყვარებულმა ფანებმა დაიწყეს უამრავი მოდიფიკაციის შექმნა. სერია “ხალხში გადავიდა”.

თავდაპირველად, S.T.A.L.K.E.R. 2: Heart of Chornobyl-ის გამოშვება 2012 წელს იყო დაგეგმილი, მაგრამ ის მალევე გაუქმდა. ჭორები მეორე “სტალკერზე” მუშაობის განახლების შესახებ 2018 წელს გავრცელდა და თამაში 2022 წელს უნდა გამოსულიყო, მაგრამ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში შეცვალა ყველა გეგმა და ძლიერი გავლენა მოახდინა თამაშის დეველოპმენტზე.

Gamescom 2024-ზე ჩვენ ვითამაშეთ თამაშის პირველი 45 წუთი და ის წარმოუდგენელია.

GSC Game World-ს ბევრი სირთულე ჰქონდა S.T.A.L.K.E.R. 2-ის შექმნის პროცესში – კორონავირუსის პანდემია, ომი, სერვერების ჰაკინგის მცდელობები, გამომცემლის არქონა და ფინანსური სირთულეები. მაგრამ იმ დეველოპერების სახეზე, რომლებიც კიოლნში იყვნენ, პირდაპირ ეწერა, რომ მათ ამ თამაშის არ დასრულება უბრალოდ არ შეეძლოთ. ეს მათთვის მხოლოდ მორიგი “შუთერი” არ არის. მასში ჩადებულია მთელი მათი ვნება, სიყვარული, უძლურება, ზიზღი, სიხარული და, რა თქმა უნდა, ტკივილი. კომპანიის ოფისი პრაღაში იძულებით გადაბარგებამდე ჩერნობილის ზონიდან 200 კილომეტრში მდებარეობდა . 2022 წლის თებერვლის მოვლენებმა თითოეულ უკრაინელს რაღაც ნაწილი წაართვა. ამიტომ S.T.A.L.K.E.R. 2-ი მათთვის თამაშზე მეტია.

S.T.A.L.K.E.R. 2-ის შესავალი იწყება იმით, რომ მთავარი გმირი, სკიფი, “ზონაში” შემოვლითი გზებით, დანგრეული კედლიდან შედის. პირველივე მომენტებიდან იგრძნობა მთელი დაძაბულობა – ჯარისკაცების რადიო, ლოკაციის ფერთა პალიტრა, აუდიო და მუსიკა. ეს ყველაფერი პირდაპირ გვეუბნება, რომ აქ ჩვენი ადგილი არ არის. დეველოპერებს შესანიშნავად გამოუვიდათ ნაცნობი არქიტექტურის რაღაც ზებუნებრივ და საშიშ ობიექტებად გადაქცევა.

ეს იყო ჩემი ერთ-ერთი მთავარი კითხვა მეორე “სტალკერის” მიმართ – ხომ არ გახდა თამაში გაუმართლებლად ლამაზი და მიმზიდველი? ხომ არ დაკარგა ის ეზოთერული “ატმოსფერულობა”, რომელიც ასე შეგვიყვარდა ორიგინალში? იმის გათვალისწინებით, რომ მე მხოლოდ შესავალი ვნახე, რომელიც თითქმის მთლიანად ღამით მიმდინარეობდა, ზუსტ პასუხს ვერ გეტყვით. ის ლოკაციები, რომლებიც მე ვნახე, ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ ასევე საკმარისად შემაშფოთებელი და არაამქვეყნიური.

წყარო: GSC Game World

თამაშის აუდიო მხარეც ატმოსფეროზე მუშაობს. მუსიკა საკმაოდ ჩუმია, და მთავარი აქცენტი “ზონის” ხმებზეა – ხის შენობების ჭრაჭუნი, წყლის წვეთების ხმა, გაუგებარი არსებების ყმუილი და შორეული სროლა, გენერატორის გრუხუნი გამშვებ პუნქტზე. რა თქმა უნდა არის ისეთო მომენტებიც, როდესაც მუსიკა დომინირებს და დაძაბულობას ქმნის – მაგრამ ბუნებრივი ხმებზე აქცენტის გაკეთება დიდად ეხმარება თამაშში ჩართულობას.

ვისაც ადრეული “სტალკერები” უთამაშია, იცის, რომ ტექნიკური მხარე არ იყო მათი საუკეთესო თვისება. ამიტომ არსებობს ფანების მიერ შექმნილი ბევრი მოდიფიკაცია, რომელიც ასწორებს ბაგებს, ბალანსს და ვიზუალს. შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ “სტალკერ 2”-ის პროლოგი შესანიშნავად მუშაობს. ნამდვილად არ ვიცი, როგორია gamescom-ის კომპიუტერების მახასიათებლები, მაგრამ არცერთი ბაგი, ხარვეზი ან სხვა ტექნიკური პრობლემა არ შემიმჩნევია. თამაში მუშაობს Unreal Engine 5-ზე, და როგორც ჩანს, GSC Game World-მა კარგად შეისწავლა მისი დეტალები. მიუხედავად ამისა, დეველოპერებმა მითხრეს, რომ ისინი ყოველთვის იყვნენ მოდიფიკაციების დიდი ფანები, და “სტალკერ 2”-ს ექნება სრულფასოვანი მოდების ინსტრუმენტარიუმი, რომელიც ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი.

სხვა დეტალებიდან აღსანიშნავია სროლა – ის არ ჰგავს თანამედროვე Call of Duty-ს სწრაფ, ქაოტურ გეიმფლეის და ძალიან წააგავს კლასიკას, რომელიც 2000-იანების ბოლოში გვაბრუნებს. ცალკე მინდა აღვნიშნო ანომალიების დიზაინი – არაბუნებრივად მიმზიდველი, გაუგებარი და უცნაური. ყოველთვის არ არის გასაგები, როგორ უნდა მოვიქცეთ მათთან – გავექცეთ, ვესროლოთ, თუ სხვა გზით ვიმოქმედოთ.

პროლოგის დასრულების შემდეგ, რომლის არცერთი წუთი არ მინდა გაგიმხილოთ, თამაშის გაგრძელების ძლიერი სურვილი გამიჩნდა. მაგრამ დამატებითი დრო რომც მქონებოდა, gamescom-ზე თამაშის ბილდო მხოლოდ ამ მონაკვეთს მოიცავდა. ისინი, ვინც ამ სერიის თამაშები შეიყვარა, იპოვიან ყველაფერს, რაც მათ მოსწონდათ – არანაირი დახმადება თამაშის მხრიდან, რთული “survival” ელემენტები სასიკვდილოდ საშიშ სამყაროში, და ბევრი სხვა რამ.

S.T.A.L.K.E.R. 2: Heart of Chornobyl ნამდვილია, და მისი გამოსვლა დაგეგმილია 2024 წლის 20 ნოემბერს. ჩვენი მხრიდან გისურვებთ საშინლად სასიამოვნო მოგზაურობას “ზონაში”!

LATEST NEWS