გიყვართ იზომეტრიული ARPG-ები? გიყვართ ექშენით დატვირთული MOBA-ები? PVE Co-op-ები? რაც მთავარია, გიყვართ Tower Defense-ები? Wardens Rising-ი ბრაზილიური სტუდია Big Moxi Games-ისგან აერთიანებს ყველა ამ ჟანრს უნიკალურ პროექტში.
პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ Wardens Rising-ის ჩართვისას, არის მისი ვიზუალური სტილი. თამაშის გრაფიკა სტილიზებულია, მაგრამ ისე გამოიყურება, თითქოს ინდუსტრიის წამყვანმა სტუდიებმა შექმნეს. მაგრამ არა! უბრალოდ მხატვრები და დიზაინერები ძალიან ნიჭიერები არიან, და ისინი შთაგონებულნი იყვნენ სწორედ იმ დიდი კომპანიების სტილით. Gamescom 2024-ზე დეველოპერებთან საუბრისას, მე ისიც კი გამოვიცანი, რომელი პერსონაჟებით იყვნენ ისინი შთაგონებულნი.
მაგრამ ასეთი ტიპის თამაშში მთავარი მაინც გეიმფლეი და მისი მექანიკებია. Wardens Rising აერთიანებს რამდენიმე ჟანრს და მათ Tower Defense-ის ჩარჩოებში სვავს. თითოეულ რუკაზე არის მთავარი სტრუქტურა, რომელსაც უნდა დავიცვათ და რომლისკენაც მტრები რამდენიმე ზოლიდან მოდიან — ეს ჟანრისთვის საკმაოდ ტიპიურია. ყოველი რაუნდის წინ მშენებლობის რეჟიმში ვამზადებთ თავდაცვას კოშკების, კედლებისა და ხაფანგების განლაგებით. მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ ვმართავთ პერსონაჟებს, რომელთაც MOBA-სტილის უნარები გააჩნიათ, და თამაშის ბალანსი იმაზეა აწყობილი, თუ როგორი სინერგიაა პერსონაჟსა და დაცვით ნაგებობებს შორის.
დიდი შთქბეჭდილება შემექმნა, რომ თამაში ძალიან სახალისო იქნება Co-op-ში. Wardens Rising-ში, ისევე როგორც ბევრ სხვა Tower Defense-ში, მტრები რამდენიმე ზოლით მოდიან. ლოგიკურია, რომ ყველა ზოლს ერთდროულად ვერ დავიცავთ. ტელეპორტაციის საშუალება კი არსებობს, მაგრამ სიტუაცია მაინც ხშირად ქაოტურია, რადგან ყველაფერს ერთდროულად გაკონტროლება რთულია. Co-op-ში კი შეგვიძლია პასუხისმგებლობის გადანაწილება და ყურადღების გაყოფა.
თამაშში პერსონაჟების უნარები ბევრად უფრო დამანგრეველია, ვიდრე ნებისმიერი ნაგებობა, რომელსაც ვათავსებთ რუკაზე. მაგრამ რაც უფრო ძლიერია ეს უნარები, მით უფრო ხანგრძლივია მათი განახლების დრო. ასე რომ, თამაში იმაზეა დაბალანსებული, თუ მტრების რომელ ნაკადს მივანდობთ ჩვენს კოშკებს, ხოლო რომელს ჩვენ თვითონ გავანადგურებთ.
ჩემი საერთო შთაბეჭდილება Wardens Rising-ზე არის ის, რომ ეს კარგად გააზრებული თამაშია, რომელიც ფრთხილად აერთიანებს რამდენიმე საინტერესო ჟანრს. მისი გამოსვლა დაგეგმილია 2025 წლის პირველ კვარტალში, ასე რომ, აუცილებლად გირჩევთ, მიაქციოთ ყურადღება ან დაამატოთ თქვენს wishlist-ში Steam-ზე ან სხვა პლატფორმებზე.