პარიზში ჩატარებულ League of Legends-ის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალებში ჩინურმა BLG-მ და სამხრეთ კორეულმა T1-მა გაიმარჯვეს. ეს გუნდები ერთმანეთს 2 ნოემბერს, ლონდონის O2 არენაზე შეხვდებიან.
BLG-სთვის ეს მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ფინალია, ხოლო ოთხგზის ჩემპიონი T1-ი ფინალში მეშვიდედ გავიდა.
BLG პლეიოფში კორეის პირველ ნომერს, Hanwha Life Esports-ს შეხვდა და საკმაოდ დამაჯერებლად, 3:1 ანგარიშით სძლია. ეს იყო Worlds-ის თოთხმეტწლიან ისტორიაში მესამე შემთხვევა, როდესაც კორეისა და ჩინეთის ჩემპიონები შეხვდნენ ერთმანეთს. ორი წინა მატჩი იყო ROX-ი და EDG 2016-ის მეოთხედფინალში და DWG და EDG 2021 წლის ფინალში.
ნახევარფინალში BLG შარშანდელ ფინალისტ WBG-ს დაუპირისპირდა და თანამემამულეები უშანსოდ დატოვა – 3:0.
პლეიოფში T1-ის პირველი მეტოქე ჩინური Top Esports-ი იყო, რომელიც კორეელებმა მარტივად დაამარცხეს – 3:0.
ნახევარფინალში ჩვენ კორეული ელ კლასიკო გველოდა – T1 და Gen.G. ბოლო წლების მანძილზე Gen.G დიდი უპირატესობით ლიდერობდა ურთიერთშეხვედრებში, მაგრამ მათი უმეტესობა კორეის ჩემპიონატ LCK-ში გაიმართა. T1-ს მსოფლიო ჩემპიონატზე ზებუნებრივი აურა ახლავს – მან დაუძინებელი მტერი საკმაოდ დამაჯერებლად, ოთხ მატჩში დაამარცხა: 3:1.
T1-ის უცვლელი ლიდერი და მიდლეინერი ლი “Faker” სან-ჰიოკი შაბათს მეხუთე ტიტულის მოპოვებას შეეცდება. ის ამ კატეგორიაში ერთპიროვნული ლიდერია. სამი ტიტული აქვს მის ყოფილ თანადუნდელ ფე “Bengi” სონ-უნს, ჩჟო “BeryL” გონ-ჰიმ კი მსოფლიო ჩემპიონატზე ორჯერ იმარჯვა.
League of Legends-ის 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი შაბათს, 2 ნოემბერს, თბილისის დროით საღამოს 6 საათზე გაიმართება. ჩვენ ამ მატჩის დეტალურ განხილვას შემოგთავაზებთ.
რამოდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჩინეთში გაიმართება.