ალ-ნასრი Mkers-თან ითანამშრომლებს კიბერსპორტული განყოფილების გასაშვებად

წყარო: ალ-ნასრი

საუდის არაბეთის საფეხბურთო კლუბმა ალ-ნასრმა გამოაცხადა პარტნიორობა იტალიურ კიბერსპორტულ ორგანიზაცია Mkers-თან და ოფიციალურად შეუერთდა EA FC 24-ის კიბერსპორტულ სეზონს.

პარტნიორობის ფარგლებში ალ-ნასრმა თავისი კიბერსპორტული განყოფილებისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო EA FC-ს მოთამაშე ჟოაო აფონსო “Jafonso” ვასკონსელოსი დაიმატა. ორივე ბრენდი აღნიშნავს, რომ ეს ტრანსფერი არის პირველი ნაბიჯი კლუბის კიბერსპორტში აქტიური ჩართულობის გზაზე.

ალ-ნასრისთვის ეს პირველი აქტიოვობაა კიბერსპორტის სფეროში. დეპარტამენტის შექმნა Mkers-თან მასშტაბური პარტნიორობის შედეგი გახდა. Mkers-ი ცნობილია იტალიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კლუბთან, მილანის ინტერთან თანამშრომლობით. ახალი პროექტი, სახელწოდებით “Esports Al Nassr powered by Mkers” ერთობლივად იქნება მართული ორივე კომპანიის მიერ.

განცხადების თანახმად, Mkers-ი უზრუნველყოფს ტექნიკურ და კონკურენტულ მენეჯმენტს, ასევე კომერციულ და სტრატეგიულ ექსპერტიზას მარკეტინგსა და ზრდაში. ვასკონსელოსის დამატება შეესაბამება ალ-ნასრის ხმაურიანი ტრანსფერების ტრადიციას, რომლოს მსგავსიც 2023 წელს კრიშტიანუ რონალდუს შეძენა იყო. ვასკონსელოსი არის Esports World Cup-ის მოქმედი ჩემპიონი და eMLS-ის ყოფილი გამარჯვებული.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ალ ნასრის პირველი ნაბიჯი კიბერსპორტში, Mkers ამ ინდუსტრიაში 2016 წლიდან მოღვაწეობს. იტალიური ბრენდი წარმოდგენილია EA FC-ის (ყოფილი FIFA), Rainbow Six Siege-ის, Overwatch-ის, League of Legends-ის და Starcraft II-ის დისციპლინებში.

ალ-ნასრმა დააანონსა, რომ ახლადშექმნილი EA FC-ს გუნდი მონაწილეობას მიიღებს FC PRO-ის შესარჩევ ტურნირში, რომელიც 25 ნოემბერს ლონდონში გაიმართება.

LATEST NEWS