კორეული T1-ი $35 მილიონიანი ინვესტიციის მოზიდვას ეცდება

წყარო: Esports World Cup Foundation

სამხრეთ კორეული კიბერსპორტული ორგანიზაცია T1 Entertainment & Sports-ი აცხადებს, რომ აპირებს $35 მილიონი კაპიტალის მოზიდვას თავისი ოპერაციების გასაფართოებლად.

T1-ის გენერალური მენეჯერის, ჯო მარშის თქმით, დაფინანსების ნაწილი გამოყენებული იქნება T1 Base Camp-ის გაფართოებისთვის — ესაა PC-გეიმინგ კაფე, რომელიც წელს სეულში გაიხსნა.

ამ ნაბიჯს წინ უძღოდა T1-ის მეხუთე რეკორდული გამარჯვება League of Legends-ის მსოფლიო ჩემპიონატზე. მარშის განცხადებით, T1-ის მიზანია, ამ წარმატებაზე დაფუძნებით განახორციელოს თავისი “ყველაზე მასშტაბური გაფართოება”, როგორც მან Sports Business Journal-ს განუცხადა.

მარშმა განმარტა, რომ გეიმინგ კაფეები არის “შემოსავლების გენერირებაზე ორიენტირებული, ნაღდი ფულის საშემოსავლო ბიზნესი” რომლის განვითარებასაც კომპანია აპირებს ცნობადი T1 ბრენდის მეშვეობით. ორგანიზაცია გეგმავს კაფეების გახსნას იაპონიაში, ვიეტნამში, სინგაპურსა და ჩინეთში. მარშის თქმით, T1 Base Camp-ის გახსნის შემდეგ სამხრეთ კორეის ნომერ პირველ PC-გეიმინგ კაფედ იქცა.

გარდა ამისა, T1 გეგმავს მეტი ლაივ ღონისძიების ჩატარებას. წელს ორგანიზაციამ პირველად ჩაატარა T1 Home Ground, რომელიც 6,200-ადგილიან Goyang Sono Arena-ზე გაიმართა. ღონისძიებაზე T1-ის League of Legends-ის გუნდმა ოფიციალური ლიგის მატჩები გამართა, რამაც $1 მილიონზე მეტი შემოსავალი მოიტანა ბილეთების, საკვების, სასმელის და მერჩენდაიზის გაყიდვებიდან.

Riot Games-ისგან ნებართვის მიღების შემთხვევაში, T1 განიხილავს მსგავსი შოუების სამხრეთ კორეის გარეთ ჩატარებას, ასევე ივენთის სახელწოდების უფლებების გაყიდვას. LinkedIn-ის პოსტში ჯო მარშმა ასევე მიანიშნა მოახლოებულ ლაივ ივენთზე, რომელიც ლი “Faker” სან-ჰიოკს დაუკავშირდება, თუმცა კონკრეტული დეტალები არაა ცნობილი.

ეს იქნება T1-ის პირველი დაფინანსების რაუნდი ბრენდის შექმნის შემდეგ. ორგანიზაცია წარსულში ცნობილი იყო როგორც SK Telecom T1-ი. T1-ის ამჟამინდელი ბრენდინგი შეიქმნა 2019 წელს სამხრეთ კორეულ სატელეკომუნიკაციო კომპანია SK Telecom-ის და ამერიკული სპორტისა და გასართობ კომპანია Comcast Spectacor-ის ერთობლივი ინიციატივით.

LATEST NEWS