კიბერსპორტული ტურნირების ორგანიზატორმა ESL FACEIT Group-მა განაცხადა, რომ 2025 წელს ESL One Dota 2-ის ივენთს ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქი რალი უმასპინძლებს.
ESL One Raleigh გაიმართება Raleigh Convention Centre-ში 2025 წლის 7-13 აპრილს და იქნება ESL Pro Tour-ის ნაწილი.
ივენთში 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და ისინი $1 მილიონიანი საპრიზო ფონდისთვის იბრძოლებენ. ოთხი გუნდი მიიღებს პირდაპირ მიწვევას, ხოლო დანარჩენი რვა რეგიონალურ შესარჩევ ტურნირებში მოიპოვებს ადგილს. ისინი გაიმართება ევროპაში, ჩინეთში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში და ასევე ამერიკაში.
განცხადების მიხედვით, N.C. Esports Incentive Grant Fund-მა დიდი როლი ითამაშა ESL One-ის ტურნირის ჩატარების ტენდერში რალის გამარჯვებაში. ამ ინიციატივის მიზანია საერთაშორისო კიბერსპორტული ივენთების მოზიდვა ჩრდილოეთ კაროლინაში და შტატში კიბერსპორტული პროდაქშენის განვითარება.
ეს იქნება 2015 წლის შემდეგ პირველი შემთხვევა, როდესაც ESL FACEIT Group-ი აშშ-ში ESL One-ის ღონისძიებას უმასპინძლებს. მაშინ ESL One-ი ნიუ-იორკში ჩატარდა. Dota 2-ის გარდა, ორგანიზატორი განაგრძობს ინვესტიციებს სხვა კიბერსპორტულ ეკოსისტემებში. 2024 წლის ოქტომბერში ორგანიზაციამ გამოაცხადა $22 მილიონი საინვესტიციო გეგმა Counter-Strike-ის ეკოსისტემაში 2025 და 2026 წლებში.
რალის კიბერსპორტული ივენთების მასპინძლობის დიდი გამოცდილება აქვს. ქალაქმა უმასპინძლა ტურნირებს Halo-ში, Rainbow Six-ში, Apex Legends-სა და League of Legends-ში. Riot Games-ის ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის LCS Spring Finals-მა ქალაქის ეკონომიკას პირდაპირი $2.74 მილიონის შემოსავალი მოუტანა.