ვიდეო თამაშების კომერციის კომპანია Xsolla-მ გამოაცხადა პარტნიორობა საუდის არაბეთში დაფუძნებულ Savvy Games Group-თან, რომლის მიზანია თამაშების ინდუსტრიაში სამუშაო ადგილების და როლების შექმნა.
ორმა კომპანიამ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რათა დაარსონ თამაშების განვითარების აკადემია, ინკუბატორი და აქსელერატორი პროგრამები, რომლებიც მხარს დაუჭერენ თამაშების დეველოპერ სტუდიებს. Xsolla ასევე გახსნის ოფისს ერ-რიადში, რათა პროექტს შემდგომი მხარდაჭერა გაუწიოს.
Xsolla არის კომპანია, რომელიც ეხმარება თამაშების დეველოპერებს მარტივად მიაღწიონ თავიანთ აუდიტორიას და თავიანთი თამაშების სწორი მონეტიზაცია მოახდინონ. კომპანია დაარსდა 2005 წელს ლოს ანჯელესში, მაგრამ მუშაობს ყველა კონტინენტზე და თანამშრომლობს ისეთ ცნობილ კომპანიებთან, როგორიცაა Valve, KRAFTON, Twitch, Epic Games და სხვა მაღალი დონის სათამაშო ბრენდებთან.
Savvy Games Group-თან გარიგება მიზნად ისახავს ძლიერი ეკოსისტემის შექმნას თამაშების განვითარების პერსონალის განათლებისთვის და ინდუსტრიის ზრდის მხარდაჭერისთვის საუდის არაბეთში. ორივე პარტნიორმა აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება არის Vision 2030 პროგრამის ნაწილი, რომელზეც საუდის არაბეთი მუშაობს.
Savvy და Xsolla ერთობლივად იმუშავებენ თამაშების განვითარების აკადემიაზე, რომელიც მოამზადებს მომავალ გეიმ-დეველოპერებს და მათ, ვისაც სურს მუშაობა ინდუსტრიაში. ისინი შექმნიან ინკუბატორსაც, რომელიც დაეხმარება სტარტაპებსა და მცირე კომპანიებს მათი ადრეული განვითარების მხარდაჭერაში. ასევე შეიქმნება აქსელერატორი პროგრამა, რომელიც დაეხმარება მაღალი პოტენციალის მქონე პროექტებსა და სტუდიებს.
პრეს-რელიზის მიხედვით, ამ სამი პროექტის გარდა, ორივე ბრენდი იმუშავებს ვიდეო თამაშების ღონისძიებების მასპინძლობაზე, ასევე დაფინანსების უზრუნველყოფაზე თამაშების განვითარების პროექტებისთვის და კავშირების შექმნაზე ადგილობრივ სტუდიებსა და საერთაშორისო ინვესტორებს შორის.
Savvy Games Group-ის გენერალურმა დირექტორმა ბრაიან უორდმა, აღნიშნა: “პარტნიორობა Xsolla-სთან წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ჩვენი მისიის წინსვლაში, რომელიც ითვალისწინებს საუდის არაბეთის თამაშებისა და კიბერსპორტის ეკოსისტემის გლობალურ ზრდას. ჩვენი რესურსების და ექსპერტიზის გაერთიანებით, ჩვენ ვქმნით სამუშაო ადგილებს და ვაშენებთ ცოცხალ, მდგრად ინდუსტრიას, რომელიც წლების განმავლობაში წარმართავს მრავალ შესაძლებლობასა და კრეატიულობას”.