კომპიუტერული პერიფერიული მოწყობილობების და მონიტორების მწარმოებელმა AOC-იმ ახალი თანამშრომლობა გამოაცხადა Porsche Design-თან AGON by AOC-ის ბრენდის ფარგლებში.
ახალი PD34 მონიტორი, რომელიც ორი კომპანიის მიერ ერთობლივადაა შექმნილი, არის ამ პარტნიორობის უახლესი ნაყოფი. ეკრანი გამოირჩევა 240Hz განახლების სიხშირით და UWQHD გაფართოებით, სხვა მაღალი კლასის მახასიათებლებთან ერთად.
Porsche Design-ი არის გერმანული ავტომობილების მწარმოებელ პორშეს ოფიციალური დიზაინის კომპანია, რომელიც ცნობილია მაღალი კლასის ძვირადღირებული პროდუქტების შექმნით და სხვადასხვა ინდუსტრიის ბრენდებთან თანამშრომლობით. ბრენდმა თავისი ისტორიის განმავლობაში შექმნა მრავალი პროდუქტი, მათ შორის კომპიუტერის მონიტორები, მობილური ტელეფონები, სათამაშო სკამები, ჩანთები, საათები და სხვა სამომხმარებლო ნივთები.
ახალი ეკრანი AOC-ის და Porsche Design-ის არსებული პარტნიორობის შედეგია, რომელიც ადრე მოიცავდა რამდენიმე მაღალი კლასის დისპლეის შექმნას, როგორებიცაა PD49 და შედარებით პატარა PD32. ეკრანები შთაგონებულია Porsche-ს დიზაინით, რომელშიც გამოყენებულია პრემიუმ მასალები და მინიმალისტური მიდგომა. PD34, Porsche-ს თქმით, შთაგონებულია Porsche 911-ის ისეთი ელემენტებით, როგორიცაა ბორბლები, რადიატორი და ინტერიერი.
ტექნიკური მახასიათებლების მხრივ, მონიტორი აღჭურვილია მაღალი კლასის ფუნქციებით, რომლებიც პრემიალური სეგმენტის მოწყობილობებისთვისაა დამახასიათებელი. 240Hz განახლების სიხშირე მხარს უჭერს AMD FreeSync Premium Pro-ს და NVIDIA G-SYNC-ს.
ეკრანს აქვს 3440×1440 გაფართოება(UWQHD) და მისი მაქსიმალური სიკაშკაშე აღწევს 1000 ნიტს. ასევე აღსანიშნავია ფერების სიზუსტე: 100% sRGB, 99% Adobe RGB და 99% DCI-P3. ცხადია, თითოეული მოწყობილობა განსხვავებულია, მაგრამ AOC გვპირდება, რომ ყველა მონიტორი ქარხნულად იქნება დაკალიბრებული.
ახალი PD34 მონიტორი Porsche Design-ის მაღაზიებში იქნება ხელმისაწვდომი £999-ად.