Antstream Arcade-ის მიმოხილვა: იდეალურთან ახლოს, მაგრამ…

წყარო: Antstream Arcade

დღესდღეისობით, რეტრო თამაშების ლეგალურად თამაშის ვარიანტები არაა ბევრი. თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ ორიგინალი კონსოლი და კარტრიჯები ან დისკები, მაგრამ ზოგიერთ მათგანზე ფასები ძალიან მაღალია. თანაც, არ არის მიზანშეწონილი ყველა კონსოლის ყიდვა მხოლოდ რამდენიმე თამაშის გამო – მათ მაინც იშვიათად ითამაშებთ. თუ, რა თქმა უნდა, კოლექციონერი არ ხართ – მაშინ თქვენი ნებაა.

ზოგიერთი კომპანია უშვებს მათი ძველი პლატფორმების განახლებულ “მინი” ვერსიებს, მაგრამ ისინი მხოლოდ რამოდენიმე თამაშს შეიცავენ, და გაშვებაც ემულაციით ხდება. ორი სიტყვით ემულაციაზეს ვთქვათ – ის ლეგალურად ბნელი ზონაა და თან მოითხოვს, რომ ფიზიკური თამაშის მფლობელი იყოთ, რათა კანონის დარღვევის გარეშე შეძლოთ მისი გამოყენება ემულატორზე.

ზოგჯერ თამაშები ხელმისაწვდომია სხვადასხვა მაღაზიებშიც, როგორც ორიგინალი, ისე რიმეიქები ან რემასტერები, მაგრამ ესეც იშვიათობაა. რა მოხდება, თუ იარსებებს პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს რამოდენიმე ძველი კონსოლის თამაშებს? სწორედ ამას გვთავაზობს Antstream Arcade-ი.

Antstream Arcade-ი არის ვიდეოთამაშების სტრიმინგის სერვისი, რომელიც მომხმარებლებს 1300-ზე მეტ თამაშს სთავაზობს სხვადასხვა პლატფორმებიდან. სერვისზე წვდომისთვის საჭიროა მისი გამოწერა, რაც წელიწადში $39.99 ღირს. სხვა მსგავს სერვისებთან შედარებით, ეს არს ისე ძვირია. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ ის მხოლოდ ერთი თვით გამოიწეროთ, თუ რაიმე კონკრეტული თამაშის გავლა გსურთ.

წყარო: Antstream Arcade

ჩვენს ქვეყანაში თამაშების სტრიმინგი საუკეთესო ან ხელმისაწვდომი ვარიანტი არაა რეგიონული შეზღუდვებისა და პინგის გამო, ამიტომ თავიდან ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. Antstream Arcade-მა სკანდინავიურ სერვერზე განმათავსა, და სხვა ევროპულ სერვერებთან შედარების შემდეგ ის მართლაც საუკეთესო ვარიანტი აღმოჩნდა. პინგი აშკარად იგრძნობა, განსაკუთრებით რბოლისა და ფაიტინგ თამაშებში, სადაც რეაქციის დრო კრიტიკულია. თუმცა, მაინც შევძელი შედარებით კომფორტულად Metal Slug-ისა და Double Dragon-ის თამაში . მაღალი პინგი ნამდვილად ხელისშემშლელი ფაქტორია საქართველოში Antstream Arcade-ის კომფორტულად გამოსაყებებლად.

წყარო: Antstream Arcade

ყველაზე დიდი პრობლემა, რაც მე Antstream Arcade-თან მაქვს, ეს არის თამაშების ხელმისაწვდომობა. 1300 საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვია, და სერვისის შემქმნელები ყოველკვირეულად ამატებენ ახლებს. მაგრამ ფაქტია, რომ პლატფორმებს შორის დიდი არათანაფარდობაა. Commodore 64-ს 294 თამაში აქვს, Amiga-ს 176, ZX Spectrum-ს 291, საარკადო ავტომატებს კი 295, ხოლო SNES-ს მხოლოდ 49, Genesis-ს 48 და PS1-ს მხოლოდ 12. ზოგიერთ პლატფორმა საერთოდ არ არის წარმოდგენილი. დიდი გამომცემლების თამაშებიც არ ჩანს, ალბათ ლიცენზირების ხარჯების ან მათივე სურვილის გამო. მაგალითად, Super Mario-ს და Final Fantasy-ს აქ ვერ ნახავთ.

ჩემთვის კიდევ ერთი პრობლემაა ძიება და კატეგორიზაცია. Antstream Arcade-ის ინტერფეისი საკმაოდ მარტივია, მაგრამ თამაშების მოძიება რთულია. მათი უმეტესობა ჟანრების მიხედვითაა დაყოფილი, მაგრამ პლატფორმების ხსენება არ არის და ასევე ვერ გამოიყენებთ საძიებო ტერმინებს, როგორიცაა “playstation”. იმედი მაქვს, რომ შემქმნელები ამ პრობლემას გამოასწორებენ.

ძირითადი კითხვა, რაც უნდა დაუსვათ საკუთარ თავს Antstream-ის გამოწერის წინ, არის ის, თუ რამდენად კმაყოფილი ხართ თამაშებისა და პლატფორმების არჩევანით. ეს ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე შეგიძლიათ შეამოწმოთ: https://www.antstream.com/games

წყარო: Antstream Arcade

თუმცა, ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ Antstream Arcade-ი კარგი პროდუქტი არაა. მასში ძალიან დიდი შრომაა ჩადებული – აქ თქვენ შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ყოველკვირეულ და ყოველდღიურ ჩელენჯებში, ტურნირებში და მინი თამაშებში. ჩემს მიერ გატესტილ არცერთ თამაშს არანაირი პრობლემა არ ჰქონია. აქ ასევე ისეთი კომფორტული ფუნქციებია ჩადებული, როგორიცაა Save State-ები და გადახვევა, ეს ყველაფერი რეტრო თამაშებს უფრო ხელმისაწვდომს ხდის თანამედროვე აუდიტორიისთვის.

რომ შევაჯამოთ, ეს პროდუქტი ცოტათი უცნაურია. ერთი მხრივ, ამ ტექსტში აღწერილი პრობლემების გამო Antstream Arcade-ისგან საუკეთესო გამოცდილება არ მიმიღია, მაგრამ მეორე მხრივ, მე ვხედავ, რომ ეს შეიძლება იყოს ზუსტად ის პროდუქტი, რომელიც ზოგიერთი გეიმერისთვის იდეალურია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – გადაამოწმეთ თამაშების სია, სერვერების მდებარეობა და ამის შემდეგ გადაწყვიტეთ გამოწერა.

Antstream Arcade ხელმისაწვდომია PC-ზე, Xbox-ზე, PlayStation-ზე და ბევრ სხვა პლატფორმაზე.

LATEST NEWS