Sony-მ ოფიციალურად წარადგინა PlayStation 5-ის Pro ვერსია.
PlayStation 5 Pro (PS5 Pro) გაყიდვაში ამ წლის ბოლოს ჩაეშვება. მას ექნება გაუმჯობესებული შიდა ნაწილები, რომლებიც უკეთესად იმუშავებენ რთულ დავალებებზე, როგორიცაა ray tracing-ი.
PlayStation 5 პირველად 2020 წელს გამოვიდა და მსოფლიოს მასშტაბით მისი 60 მილიონზე მეტი ერთეული გაიყიდა, რაც მას ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად კონსოლად აქცევს. კონსოლის სტანდარტული ვერსიის გამოსვლის შემდეგ მან არაერთი განახლება მიიღო. 2023 წელს Sony-მ მისი თხელი ვერსიაც გამოუშვა .
ახალი კონსოლი მსოფლიოს მასშტაბით ნოემბერში იქნება ხელმისაწვდომი და მისი ფასი იქნება $699.99, £699.99 და €799.99 რეგიონის მიხედვით.
PlayStation 5 Pro-ს ექნება განახლებული გრაფიკული პროცესორი, რომელიც პრეს-რელიზის მიხედვით დაახლოებით 45%-ით უფრო სწრაფია ვიდრე ორიგინალი PS5-ის, ასევე სრულიად ახალი “upscaling” ტექნოლოგია, რომელსაც Sony PlayStation Spectral Super Resolution-ს უწოდებს. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ეს ტექნოლოგია ვიზუალის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. თუმცა, ეს ტექნოლოგია უფრო მომავლისკენ არის მიმართული, რადგან PS5 Pro-ს აპარატურა მის მთლიან პოტენციალს ვერ იყენებს.
თეორიულად, ეს ტექნოლოგია PS5-ს საშუალებას მისცემს თამაშებში სტაბილურ 60FPS-ს მიაღწიოს 4K გაფართოებაზე.
გარდა ამისა, Pro ვერსიას ექნება უფრო დიდი, 2TB SSD მეხსიერების ბარათი და ბევრად უფრო მძლავრი აპარატული ray tracing-ის შესაძლებლობები (Sony-მ აღნიშნა, რომ გამოთვლის სიჩქარე ორჯერ ან სამჯერ დიდია).
PlayStation 5 Pro-ს გამოშვება ხდება კონსოლის არსებობის მეოთხე წელს, რაც PlayStation 4 Pro-ს მსგავსია – ის ორიგინალი კონსოლის გამოსვლიდან სამი წლის შემდეგ გამოჩნდა. ახალი კონფიგურაცცის კონსოლი თავსებადი იქნება არსებულ აქსესუარებთან. მისი სტანდარტულ PS5-თან მთავარი სხვაობაა გვერდით განლაგებული დიდი სავენტილაციო ნახვრეტი.
PS5 ასევე მნიშვნელოვანია კიბერსპორტისთვის, რადგან ისეთ “ფაიტინგებში”, როგორიცაა Tekken-ი და Street Fighter-ი, ტურნირები PS5-ზე ტარდება. ეს ასევე EA FC-ს და მრავალ სარბოლო სიმულატორს ეხება.