შვედურმა კიბერსპორტულმა ორგანიზაცია Alliance-მა Dota 2-ში გადაწყვიტა დაბრუნება. The International 2013-ის გამარჯვებულ გუნდს ქართველი კიბერსპორტსმენი ლაშა “Nande” ნარსია შეუერთდა, მწვრთნელი კი თავად TI-ს ჩემპიონი ჯონათან “Loda” ბერგი იქნება.
Alliance-მა უკვე დაიწყო ასპარეზობა პრესტიჟულ PGL Wallachia Season 2-ში, რომლის საპრიზო ფონდი 1 მილიონ დოლარს შეადგენს.
Alliance-ი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციად ითვლება არამხოლოდ Dota 2-ში, არამედ მთლიანად კიბერსპორტში. მას ჰყავდა გუნდები ისეთ კიბერსპორტულ დისციპლინებში, როგორიცაა League of Legends-ი, Counter-Strike-ი, Rocket League, Apex Legends-ი, PUBG Mobile-ი და ბევრ სხვაშიც. ის ასევე ასპონსორებს ჰოლანდიელ მოჭადრაკეს, საერთაშორისო ოსტატს ანა-მაია კაზარიანს.
2013 წელს Alliance-მა გაიმარჯვა The International-ზე, Dota 2-ის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე. შვედურმა გუნდმა ჯონათან “Loda” ბერგის და ჰენრიკ “AdmiralBulldog”ანბერგის ხელმძღვანელობით ფინალში უძლიერესი NAVI დაამარცხა, რომელშიც დანილ “Dendi” იშუტინი, კლემენტ “Puppey” ივანოვი და კურო “KuroKy” სალეჰი ტახასომი ასპარეზობდნენ.
ქართველ კიბერსპორტსმენ ლაშა “Nande” ნარსიას აქამდე ასეთი დონის ორგანიზაციაში არ უთამაშია. მის კარიერაში იყო ისეთი გუნდები, როგორიცაა შვეიცარიული Brame, ბრიტანული Into The Breach-ი და ქართული Monaspa.
მასთან ერთად PGL Wallachia Season 2-ში კიდევ ერთი ქართველი, ირაკლი “W1sh-” პერანიძეც მონაწილეობს. სამწუხაროდ, მისმა გუნდმა Apex Genesis-მა დათმო პირველი შეხვედრა MOUZ-ის წინააღმდეგ.