კიბერსპორტული ტურნირების ორგანიზატორმა PGL-მა დაადასტურა, რომ PGL DOTA 2 Wallachia ტურნირების სერია 2025 წელს სამი სეზონით დაბრუნდება.
ეს გადაწყვეტილება მოჰყვა 2024 წლის მაისსა და ოქტომბერში ჩატარებულ პირველ ორ სეზონს, რომლებიც PGL-ის მიერ “უდიდეს წარმატებად” შეფასდა.
2025 წლის განმავლობაში ტურნირის სამი სეზონი ჩატარდება და პირველი მათგანი მარტში დაიწყება. პირველი სეზონის შესარჩევი ეტაპი იანვარში გაიმართება. მეორე PGL Wallachia აპრილში, ხოლო მესამე ივენთი ნოემბერში ჩატარდება.
თითოეულ სეზონში 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას — 10 მიწვეული და 6 საკვალიფიკაციო ეტაპიდან. ისინი $1 მილიონიანი საპრიზო ფონდისთვის იბრძოლებენ.
PGL-მა ასევე წარმოადგინა “Hospitality Support” გეგმა, რომლის მიხედვითაც თითოეულ გუნდს გარკვეული თანხა გამოეყოფა ივენთზე ჩასასვლელად. ეს პაკეტი $450 000-ით განისაზღვრა თითოეულ თექვსმეტგუნდიან ტურნირზე.
PGL-ის განცხადებით, თითოეული გუნდი მიიღებს თანხას, რომელიც მოიცავს რვა ადამიანისთვის ბილეთებსა და საცხოვრებელს (მინიმუმ ოთხვარსკვლავიან სასტუმროში). გარდა ამისა, გუნდებისთვის ხელმისაწვდომი იქნება კვება, სასმელები, საჭმელები და სავარჯიშო ოთახი.
PGL-მა წელს უკვე გამოაცხადა CS2-ის 2025 და 2026 სეზონების გეგმა, რომელშიც შედის ტურნირები ბუენოს-აირესში, ბელგრადში და ბარსელონაში. ორგანიზატორმა აგვისტოს ბოლოს შეიძინა Esportal-ის აქტივები, გლობალური მატჩმეიქინგის პლატფორმის შესაქმნელად.
PGL-ის გენერალური დირექტორი სილვიუ სტროიე ამბობს: “Wallachia-ს სერია ვითარდება, ასე რომ ჩვენ ვალდებულები ვართ მივაწოდოთ ფანებს კიდევ უფრო საინტერესო და დინამიური გამოცდილება. მადლობელი ვართ საზოგადოების არაჩვეულებრივი მხარდაჭერისა და ენთუზიაზმისთვის და მოუთმენლად ველით, რომ 2025 წელს კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ ეს პროექტი.”
შეგახსენებთ, რომ PGL Wallachia Season 2-ში ორი ქართველი მონაწილეობდა — ლაშა “Nande” ნარსია და ირაკლი “W1sh-” პერანიძე. მათმა გუნდებმა, Alliance-მა და Apex Genesis-მა, მეცხრე და მეთხუტმეტე ადგილი დაიკავეს.